ადგილმდებარეობა
ძამის ხეობა-საციციანო
ძამის ხეობა შიდა ქართლის ერთ-ერთი ლამაზი და ნაყოფიერი ხეობაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სათანადოთ არაა შესწავლილი და ამის გამო იგი ნაკლებად ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურაში. ძამის ხეობა გამოირჩევა თავისი საოცარი სილამაზით და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. არა გვგონია,საქართველოში მოიძებნოს ისეთი მხარე, როგორიც ძამის ხეობაა. აღსანიშნავია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატური პირობებით და გასაოცარი ბუნებით, მდიდარია ნაყოფიერი ველებით, მთებით, ტყეებით, მდინარეებითა და ბაღ-ვენახებით. ხეობა საკმაოდ განიერია, რომლის სიგრძე 38 კმ-ს არ აღემატება. ვახუშტი ძამის ხეობას საციციანოს მიაკუთვნებს და მის აღწერას ასე იწყებს: „აღწერა საციციანოსი, ხვედურეთ ზეით, დამჩხერლომდე", და შემდეგ აღნიშნავს:„ყინწვისის დასავლეთით არს ძამის ხეობა, გამოდის თორის მთისა, მოდის საგლონის ჭალამდე აღმოსავლით, მის ქვეით დის ჩრდილოთ, მიერთვის მტკვარს სამხრიდან." ხეობა მდებარეობს ქარელის რაიონში. თბილისიდან დაშორებულია 101 კმ-ით. გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრ.გ. 42°03' 57,61'' 43°53' 00, 10წელს ააშენა მეფე მირდატმა. ამ ქალაქში ბევრი მცხოვრები ყოფილა, ამ პერიოდში იგი მურვან აბდულ-ყასიმის ძემ ააოხრა. მურვან-ყრუმ, როგორც ცნობილია მთელი საქართველო ააოხრა, სამცხეშიც გაილაშქრა და მას ცეცხლითა და მახვილით უნდა გაევლო ძამის ხეობა, საიდანაც გზა სამცხეშ შედიოდა. მით უფრო, რომ ეს ხეობა დაცული იყო ისეთი სიმაგრეებით, როგორიც იყო მძორეთისა და ძამის ციხეები. რასაკვირველია, არაბთა ლაშქარს უბრძოლველად არ შეეძლო გავლა. ეტყობა, არაბებმა ეს ხეობა დიდი ბრძოლის შემდეგ აიკლო და გააპარტახეს. ამ ხეობას მომდევნო პერიოდშიც არ დაუკარგავს თავისი პირვანდელი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. მე-10 საუკუნეში აქ ყოფილა რეზიდენცია ძამის მთავრის ადარნასესი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საქართველოს სამთავროების გაერთინებისათვის ბრძოლაში. საქართველოს გაერთიანების ხანაში ძამის ხეობას ხელისუფალთა ყურადღება და მზრუნველობა არ მიჰკლებია. ამას მოწმობს ყინწვისის მონასტერი, რომელიც აგებულია მე-12, მე-13 საუკუნეებში. ეს შესანიშნავი ძეგლი ერთგვარი ცენტრი იყო იმ დროს განათლებისა და მწიგნობრობისა. ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე მთელი ტანით გამოსახული არიან გიორგი lll, თამარ მეფე და ლაშა გიორგი. მეფეთა გამოსახულება ყინწვისში უთუოოდ იმის მაჩვენებელია, რომ ეს მონასტერი ამ მეფეთა ერთგვარი ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. თამარის დროს ძამის ხეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში. მონღოლთა ბატონობის პერიოდში(მე-13-14სს) ძამის ხეობა, როგორც ზემო და შუა ქართლის დარჩენილი პროვინციები, აოხრებული და გაპარტახებული იყო. მხოლოდ მე-15 საუკნიდან იწყება მისი აღდგენა და განახლება ზაზა ფანასკერტელის მიერ. სავაჭრო გზებთან სიახლოვემ და სამხრეთ საქართველოსთან მიმავალ გზებზე მდეარეობამ დააწინაურა თრიალეთის მთების დაბლობზე ქარელის ახლომახლო მდებარე დასახლებები, მათ შორის მძორეთი ციციშვილებმა ქალაქადაც კი გადააქციეს. ძამის ხეობა ფანასკერტელ-ციციშვილებმა გაამაგრეს და მტერს გადაუკეტეს შემოსასვლელი გზა. ოსმალეთი ესაზღვრებოდა სამცხეს, საიდანაც იგი აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა ქართლის დასაპყრობად.ამ მოსალოდნელი საფრთხისგან თავდასაცავად საჭირო იყო შემოსასვლელი გზების გამაგრება.ეს გზა გუჯარეთ-ბორჯომიდან შემოდიოდა ძამის ხეობაში. ამის გამო ოსმალების თავდასხმის შიშით ამ ხეობას სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა და მისმა ახალმა მფლობელმა ზაზა ფანასკერტელმა ხეობის განახლება მშენებლობა დაიწყო. ფანასკერტელმა ხეობის ცენტრად ძველი ნაქალაქარი მძორეთი აირჩია, სადაც იყო ძველთაგანვე ნაგები მაგარი ციხე. მძორეთის ციხის ქვემოთ აუგია ქვითკირის სასახლე თავისი კოშკით და კარის ეკლესიით. თავისი კარმიდამოსთვის ქვიტკირისავე მაღალი გალავანი შემოუვლია. ძამის ხეობის აოხრების მიზეზი უნდა ყოფილიყო თურქებისა ირანელების შემოსევებიც. მაგრამ აქაური მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზი ყოფილა დაღესტნელი ფეოდალების ყაჩაღთა რაზმები ე.წ. „ლეკიანობა", რომელმაც მწვავე ხასიათი მიიღო მე-17-18 საკუნეებში. დაღესტნელი აბრაგები თრიალეთ-გუჯარეთიდან გადმოდიოდნენ და მუსრს ავლებდნენ აქაურ მოსახლეობას, იტაცებდნენ სარჩოსა და საქონელს, მიჰყავდათ ტყვეები და სხვა. ძნელი იყო მათთან ბრძოლა, რადგან მათ ქართლის ასაკლებად, აქეზებდა და იარაღს აწვდიდა თურქეთი. ხალხიც თავდადებით ებრძოდა დაღესტნელ აბრაგებს, ამაგრებდა ციხე კოშკებს, ქვიტიურის ზღუდეებსა და სხვა. აბრაგებს ყველაზე მედგარ ბრძოლას უწევდა ძამის, მძორეთის და სამწევრისის ციხეები, სადაცმოსახლეობა თავს აფარებდა და იბრძოდა. ბრძოლა იყო ანგრძლივი, მოსახლეობა ვერ უმკლავდებოდა დაღესტნელი აბრაგების ავაზაკურ თავდასხმებს და აქედან გარბოდა უფრო უშიშარ მხარეში. ამით აიხსნება ამ ხეობის გაპარტახება და მოსახლეობისაგან დაცარიელდა მე-18 საუკუნის მიწურულს. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ბოლო მთელი დაღესტნებისა და თურქების თარეშს. ციციშვილებმაც დაიწყეს ძამის ხეობის ხელახლა აღდგენა და მოშენება. ციციშვილებს ხარაგაულის რაიონიდან გადმოუსახლებიათ იმერლები, რომლებიც სოფელ სათერძესა და ციხისგვერდაში დასახლებულან. ხოლო ოსები, რომლებიც უმეტესად ჯავიდან გადმოსულან, ძამის ხეობის შუა წელში დამკვიდრებულან. ლეკიანობის გადარჩენილი ქართველების სოფლები მოთავსებულია ამ ხეობაში მტკვრის შესართავთან (სამწევრისი,კეხიჯვარი, სანებელი, წრომი და ვედრება).
ისტორია ინფორმაცია სოფლის/ქალაქის წარმოშობის შესახებ ისტორიული დოკუმენტები
ძამის ხეობა VI-VIII საუკუნეებში კეთილ ნაშენსა და მჭიდროდ დასახლებულ ხეობას წარმოადგენდა. ამას მოწმობს აქ დაცული ისტორიული ნაგებობანი. ასეთია სამწევრისის შესანიშნავი ტაძარი რომელიც VII ს. მიეკუთვნება. ჩვენ არ მოგვეპოვება ისტორიული დოკუმენტები, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იყო იმის დადგენა თუ რა ხასიათის მშენებლობა ჩაატარა ზაზამ ძამის ხეობაში. ვახუშტი ძამის ხეთბის აღწერისას მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „მძორეთში არს სასახლე ციციანთაო". ძამის ხეობის ზაზა ფანასკერტელისათვის გადაცემა არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი მოვლენა: ჯერ ერთი, ძამის ხეობა ბორჯომ-გუჯარეთით უერთდებოდა სამხრეთ საქართველოს, საათაბოს, სადაც ტაო და ფანასკერტი იყო. ამ მხრივ ძამის სეობას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა შიდა ქართლის თავდაცვის საქმეში. ძამის ხეობაუნდა ყოფილიყოთავისუფალი სამფლობელო, რომელსაც ესაყიროება გამაგრება და პატრონობა ამ მიზნით უბოძა მეფე გიორგი VIII ეს ხეობა მის ერთგულ მსახურს ზაზა ფანასკერტელს. ძამის მონასტრის ნაგებობანი, მძორეთის და ძამის ციხე და სხვა. მე-8 საუკუნეს მიეკუთვნება, აქვე ყოფილი ქალაქი მძორეთიც.
ძამის ხეობის სოფლები და ლეგენდები
ბევრი რამ ახსოვს ჩვენს მშობლიურ ძამის ხეობას,ავიც და კარგიც. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით,ისტორიული წარსულით და მატერიალური კულტურის ძეგლებით ხომ ძამის ხეობა შიდა ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი და მრავლისმომსწრე ხეობაა. ძამის ხეობის სოფლები მთის კალთებზეა გაშენებული,ცხოვრობენ შეჯგუფულად. ბევრია ნასოფლარი ადგილი და ახალი გაშენენებული სოფლებიც. დღევანდელ ძამის ხეობაში შემავალი სოფლებია: ქარელი,კლდუ,სამწევრისი,ყინწვისი,ციხისგვერდა,ზღუდერი,სანებელი,იმერხევი,ორთუბანი,გვერძინეთი,მუხილეთი,კრობანი,ელბაქიაანთკარი,სათერძე,კოდმანი,ქიმაანთკარი,ბატეთი,ბანი,წიფლოვანი,ორბოძალა,ველისციხე,კლდისთავი,ბატიური,ტყემლოვანა,ზემოშვანო,ლოშკინეთი,სუქანაანთუბანი,წითელი სოფელი,არცევი,კეხიჯვარი,ვედრება,ქობესაანთუბანი. თითოეული სოფლის ისტორია ნათელ წარმოდგენას იძლევა ხეობის წარსულზე. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,თამარ მეფეს ყინწვისი მოელოცა და კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ,როცა მისთვის მტრის უეცარი თავდასხმის ამბავი შეუტყობინებიათ. ეს სწორედ იმ ადგილას მოხდა,სადაც ამჟამად სოფელი ვედრება მდებარეობს. მეფე მაშინვე მდინარე ძამის მარცხენა მხარეს, მაღალ გორაზე აბრძანებულა,ღვთის წინაშე მუხლი მოუყრია და მაცხოვარს ქვეყნის გადარჩენას შეჰვედრებია. უზენაესს შეუსმენია მეფის ვედრება და მტერი უკუქცეულა. ხოლო სოფელს დღემდე შერჩენია სახელი ვედრება. ამავე სოფლის შესახებ არსებობს მეორე ლეგენდაც,რომლის მიხედვითაც იქ ,სადაც ამჟამად სოფელი ვედრება მდებარეობს,საუკუნეების წინათ ძამის ჭალა და ტყე იყო. ერთმა ახალგაზრდა ვაჟმა დაოჯახების შემდეგ გადაწყვიტა,სოფლის ხმაურს გარიდებოდა და ამ ადგილს გადასახლებულიყო. გამრჯე და მუყაითი ცოლ-ქმარი თავს არ ზოგავდა ,მუხლჩაუხრელად შრომობდა,რომ პატარა ქოხიდან ნორმალურ ჭერქვეშ გადასულიყო. კაცი საგვარეულო, სანათესაო, ყველა მოკეთე ზრუნავდა, ცდილობდა, ახალგაზრდებისათვის ხელი შეეწყო, თუმცა თავიდან არავის მოსწონდა ახალშეუღლებულთა განმარტოებით ცხოვრების გადაწყვეტილება. ოჯახმა სული მოითქვა, პირუტყვი და ფრინველი მოიშენა, არც სტუმრის მიღებისა ეშინოდა და მოსაკითხით ხელდამშვენებულიც ხშირად სტუმრობდა ნათესავებსა და მეგობრებს. ყველგან, სადაც მივიდოდნენ, ან აკვანს არწევდნენ, ან პატარები ჟრიამულობდნენ. მათთან სტუმრობისასაც ჟრიამულით ივსებოდა ეზო-გარემო, მაგრამ ეს ოჯახის წუხილს ვერ ანელებდა. ოჯახი, რომელსაც იმ დროის კვალობაზე შეძლებულიც კი ერქვა, წუხილს მოეცვა. წლები გადიოდა, მათ კი შვილი არ ეძლეოდათ. როგორც ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ხან რას ურჩევდნენ, ხან რას. კერპთაყვანისმცემლები ურჩევდნენ მსხვერპლი შეეწირათ, მართლმადიდებლები მოძღვრავდნენ, ღმერთს შეევედრეთ და შვილი მოგეცემათო. ოჯახში აზრი ორად გაიყო. ცოლ-ქმარს ერთი ოცნება ჰქონდა, მაგრამ ერთი ფიქრობდა, რომ ოცნებას მსხვერპლის შეწირვით აისრულებდა, ხოლო მეორესათვის ქრისტე იყო შემწე და მშველელი. წლები წლებს მისდევდა, ამ კეთილი ადამიანების ტკივილი ყველას ტკივილად იქცა, ვინც კი მათ იცნობდა. ოჯახი, რაღაც სასწაულის მოლოდინში, სიამტკბილობას ინარჩუნებდა. არ გაჭრა არანაირმა მისნობამ და მჩხიბავობამ, შედეგი არ გამოიღო არაერთგზის მსხვერპლშეწირვამ. ცოლ-ქმარს უკანასკნელ იმედად იესო ეგულებოდა. ორივენი მართლმადიდებლობის ყველა წესის დაცვით ცხოვრობდნენ- მარხულობდნენ, აღსარებას ამბობდნენ, ეზიაერებოდნენ. ერთხელ კაცს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენი სახლის ზემოთ , მაღალ ფერდობზე ღვთის სახლი ააგე და იქ შეევედრე მაცხოვარს , აუცილებლად შეისმენს შენს თხოვნას და შეგეწევაო. დილაადრიან , სანამ ლოცვად დადგებოდნენ ,სიხარულითა და შიშით შეპყრობილმა ქმარმა ის იყო დააპირა ცოლისათვის ანგელოზის გამოცხადების შესახებ ეუწყებინა , რომ საუბარი ცოლმა დაასწრო: წუხელ ანგელოზი გამომეცხადა და ჩვენი სახლის ზემოთ უფლის სახლის აშენების აშენების შესახებ მიმითითაო. გაოგნებულმა კაცმა ხმა ვეღარ ამოიღო. დღისით ქმარი მოძღვართან, ხოლო შემდეგ ნათესავებთან გაეშურა. ანგელოზის გამოცხადების შესახებ ყველამ შეიტო. ყველა შეპირდა ცოლ-ქმარს, რომ მ ხარში ამოუდგებოდა და უფლის სახლის აშენებაში დაეხმარებოდა.ღამით ისევ ორივეს გამოეცხადა უფლის ანგელოზი და ბრძანა, უფალს სახლი მხოლოდ თქვნ ორმა უნდა აუშენოთო. მეორე დღესვე დაიწყო ეკლესიის მშენებლობა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ ღვთის სახლი აკურთხეს კიდეც. ურწმუნოთა გასაკვირად, მალე ქალმა იგრძნო, რომ მის სხეულში პატარა ჩაისახა. გახარებულმა ოჯახმა ამის შესახებ ყველას შეატყობინა. ვაჟი, რომელიც ღვთის შემწეობით გაჩნდა, სასწაულებრივ თვისებებს ავლენდა,ფეხის ადგმისთანავე ტაძრისკენ გაემართა. მშობლებმა ესეც ღვთის მინიშნებად მიიღეს და ბავშვს სრული თავისუფლება მიანიჭეს. ყველა, ვინც პატარას დაინახავდა, ერთ ადგილზე მონუსხულივით ჩერდებოდა და საქმის არსში ჩაუხედავნი, გაოცებულნი კითხულობდნენ, ეს ღვთის ანგელოზი რა სასწაულმა მოავლინა დედამიწაზეო. ხოლო ვინც იცოდა, პასუხობდა: ვედრებამ მოგვივლინაო. ცოლ-ქმარს შვილი აღარ ჰყოლია, ხოლო ბიჭი, რომელიც ვედრებით მოევლინა ამ ქვეყანას, გამრავლდა. იმ ადგილს, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობდა, სახელი არ ჰქონდა. ღვთისაგან მოვლენილ ბიჭსაც მშობლებმა სახელი ვერ დაარქვეს, რადგან უფლის ანგელოზს მათთვის არაფერი უთქვამს ამის შესახებ. ღვთის რწმენით აღსავსე სოფელი და ცოლ-ქმარი ფიქრობდა, ალბათ ასე იყო საჭირო, თორემ ანგელოზი სახელსაც ხომ გვეტყოდაო. ბიჭუნას ყველა ვედრებას ეძახდა,მისი შთამომავლებიც ვედრების შთამომავლები იყვნენ, ამიტომ შვილებმა და შვილიშვილებმა იმ ადგილს, სადაც ეს სასწაულებრივი ამბავი მოხდა, ვედრება უწოდეს. დღესაც გადმოჰყურებს სოფელ ვედრებას იმ დროს აშენებული და ამჟამად აღდგენილი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
ზღუდერი
სოფლის ცენტრში დაცულია ძველი ტაძარი, რომელიც შემოზღუდული ყოფილა ციხე-გალავნით და ამის გამო სოფელსაც ზღუდერი ეწოდა. ციხე-კოშკები არ შემონახულა, არის ნასოფლარი ეკლესიების ნანგრევები. ეკლესია ნახევრად დანგრეულია, კედლის სამოსელი ფიქალქვები შემოძარცულია. ეკლესია ძველია და რამდენჯერმეა გადაკეთებული. ეკლესიის პირველი ფენა VI-VII საუკუნეებშია დაწყებული, მისი გეგმა ჯვარისებური კვეთის მიხედვით. სამნავიანი ბაზილიკის ჩანასახს იძლევა. მასზეა წარწერა ერთ ფილაზე:„წმ. სტეფანე შეიწყალე ისაკ და მაბიამ შვილითურთ." ეკლესიის კარის თავი შემკული ყოფილა მცენარის ორნამენტით (ვაზის მტევნები) ხალხური გადმოცემით ეს ეკლესია დაუწვავთ დაღესტნელ არაბებს, რომლებიც ამ ხეობას არბევდნენ. ეკლესიის შიგნით კედლები ახლაც კი შემურულია. ეკლესიის ეზო შემოზღუდული ყოფილა ქვიტკირის გალავნით, რომლის ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. ეს გალავანი მაღალი და ოთხივე მხრივ კოშკებით გამაგრებული იქნებოდა. ნაკოშკარი ადგილები დღესაც კარგად ეტყობა სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეზე. იქვეა ერთი პატარა სამლოცველო ე.წ. ციების ეკლესია. იგი მოთავსებულია ღვანანის ნაპირზე, ზედ გზის პირას და თითქმის დანგრეული.
ორთუბნის ციხე
ძამის ხეობაში ყველაზე დიდია მძოვრეთის ციხე. ციხე-დარბაზს გრძელიმონაკვეთი ეკავა და შემოვლებული ქონდა გალავანი. ნაგებობები შევაკებაზე იყო განლაგებული. იგი თითქმის მიუვალია. აღმოსავლეთით აკრავს მაღალი ქედი, სამხრეთით დასხლეტილი ღმა ხევი, დასავლეთით კი ორთუბნის ვიწრო ხევი. ციხის კიდე თიხნარია და ადვილად იშლება. ასეთ კლდეზე აგებულია დიდი და რთული კონსტრუქციის ციხე ციხის ასაგებად გამოყენებულია ნათალი ქვა და ისეა შეკრული დუღაბით , რომ მნახველს ერთი მთლიანი კლდისაგან გამოკვეთილი ეგონება. ციხის ძველი ნაგებობის ნაწილი მუქი, რუხი ფერისაა და ნაგებია მჭიდროდ. მძოვრეთის ციხე ამ ხეობაში ყველაზე, თავდაცვითი ნაგებობაა. იგი აგებული უნდა იყოს VII ს-ში. ვარაუდობენ რომ ქალაქთან ერთად ციხეც არაბებმა (მურვან ყრუ) დაანგრიეს10 ს. სამწუხაროდ ეს საინტერესა ციხე დღემდე არ არის შესწავლილი და გამოკვლეული, რომ შესაძლებელი იყოს მის ნაგებობათა ზუსტი დათარიღება. ციხე მაღალი გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ნაწილი ახლაც შემორჩენილია . გალავანს აქვს ორი კარი: ერთი- აღმოსავლეთით, მეორე- დასავლეთით. აქვს აგრეთვე სათოფურები. კარებში გამართულია საკედურები, რომლითაც გალავნის კარები იკეტებოდა. გალავნის ამ კარებს იცავდა მაღალი კოშკი , რომელიც ახლა თავმორღვეულია. კოშკი სამსართულიანია , შიგ გამართულია თახჩები , სარკმელი და ბუხარი . ციხეში დარბაზული ტიპის ოთახებია გამართული , ზოგი მათგანი სამსართულიანია . შიგვე მოთავსებულია ციხის ეკლესია, რომელსაც "ციხის ეკლესიას (ღვთისმშობელს)" უწოდებენ. ეკლესია ორსართულიანია, ჩვეულებრივი ტიპის, აშენებული უნდა იყოს XVI-XVII ს. ძამის ხეობაში შემოჭრილ მტერს ამ ციხესთან უხდებოდა გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება. განსაკუთრებით XVII-XVIII ს. მას ოსმალთა და დაღესტნელთა ლაშქარი ესეოდა, მტერს უჭირდა მძორეთის ციხის გატეხა და აღება. ციხის ახლოს არის ციციანთა ნასახლები , რომელიც გზის პირას მდებარეობს და პირდაპირ გასცქერის ძამის ხეობას. სამხრეთით მას იცავს მაღალი მთა, ჩრდილოეთით კი გზის პირას შემოზღუდული ყოფილა მაღალი გალავნით. შიგ ყოფილა სასახლის შენობა, კოშკი და კარის ეკლესია. ამჟამად სასახლის მხოლოდ კედლებია დარჩენილი. იგი ქვითკირისაა, ჰქონია სამი დარბაზი, რამდენიმე ოთახი და დერეფანიც. სასახლის უკან რიყის ქვით ნაგები მაღალი კოშკია, ფორმით ოთხკუთხაა და შვიდსართულიანი. კოშკი კარგად არის ნაგები, სართულები გამართულია ჭერ-იატაკით. ჭერი თაღიანია და ლასტები ახლაც დაცულია, რომლებზედაც დუღაბს ასხამდნენ. კოშკის სართულებში, შიგვე, სართულიდან სართულზე,გამართულია ასასვლელი ქვის კიბეები, აქვს სათოფურებიც. კოშკის კედლები შემაგრებულია ბურჯებით. კოშკი ქვემოთ უფრო განიერია, ზემოთ კი შევიწროებული. კოშკს თავისი გალავანი ჰქონია. კოშკის სართულებში დატანებულია ბუხრები, სარკმლები და თახჩები. ზემო სართულებს გარედან მიშენებული აქვს აგურის საპირფარეშო. ამ კოშკიდან გზა გადადის მძოვრეთის ციხეში. კოშკის აღმოსავლეთით არის კარის ეკლესია, რომელზედაც მიშენებულია სამსართულიანი კოშკოვანი შენობა. მისი პირველი სართული წარმოადგენს ფარდულს, რომელიც გამართულია ღიათაღიან ოთხ ბოძზე. ჭერიც თაღიანი აქვს. მეორე სართული დახურული ოთახია, რომელსაც ბუხარი, თახჩები და სათოფურები აქვს. მესამე სართული აგურით არის დაშენებული. მას ოთხივე მხრივ აქვს განიერი ღია თაღი. ჭერი გუმბათივით მაღალია და თაღიანი, შუაში შემოჭრილია პატარა სარკმელი. ეს ნაგებობა მიეკუთვნება XVI-XVII სს. ამ კოშკის პირველი ღიათაღიანი სართულიდან ვიწრო კარით შედის ეკლესიაში. კარის თავზე შერჩენილია ძველი მხატვრობა. კარგად მოჩანს ღვთისმშობლის სახე ხელში ყრმა იესოთი, მის გვერდით კი – მხედარი თეთრ ცხენზე (წმ. გიორგი). ეკლესია ერთნავიანია, ნაგებია კლდისა და რიყის ქვით. მძოვრეთის ციხის პირდაპირ, ჭალაზე, არის ძველი აბანო. ეს აბანო ნაგებია აგურით. იგი ჩვეულებრივი ტიპისაა და შედგება ორი ნაწილისაგან, გაერთიანებული დახურული დერეფნით. აბანოს ოთახები თაღიანია, ჭერში გამოჭრილია განიერი სარკმელი, შიგ გამართულია ღუმელი, წყლის აუზი და სხვა. წყალი აბანოში შემოდიოდათიხის მილებით, რომელთა ნაშთი დღემდე შემონახულა. ამ აბანოდან ცოტა მოშორებით იმავე ჭალაზე მეორე ასეთივე აბანოს ნანგრევია, რომელიც აგურით არის ნაგები და იმავე სტილის და დროისაა. ეს აბანოები მიეკუთვნებიან XVII-XVIII სს. და მოწმობს, რომ მძოვრეთი კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა.
ელბაქიაანთკარი
ელბაქიაანთკარის მაცხოვრის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდინარე ძამის მარჯვენა ნაწილში, მაღალი მთის ბუნებრივად მოვაკებულ პატარა ფერდობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ელბაქიაანთკარის მაცხოვრის ეკლესია ორი კორპუსისგან შედგება: ძველი ეკლესიისა და მასზე ჩრდილოეთის მხრიდან მიდგმული ოდნავ მოკლე სათავსის – სამკვეთლოსაგან. ძველი ეკლესია დარბაზულია, შესასვლელი დასავლეთიდანაა. მოგვიანებით სამხრეთით და ჩრდილოეთით დამატებითი სათავსებიც მიუშენებიათ. სამხრეთის მინაშენში ორი სათავსია: დასავლეთით სწორკუთხა, ხოლო აღმოსავლეთით აფსიდიანი (სამლოცველო), რომელიც კარით უკავშირდება ეკლესიას. მეორე ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა სოფლის ცენტრში მდებარეობს, თარიღდება გვიან ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია უხეშად დაკუთხული ბაზალტის კვადრატებით. წყობაში აქა-იქ მოზრდილი ლოდებიც არის გამოყენებული. გარედან არქიტრავით, შიგნიდან ნახევარწრიული თაღით გადახურული, შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსილში, კონქის ქუსლთან სარკმელია. საკურთხევლის კედელში მიშენებულია სატრაპეზო. ერთი სარკმელი დასავლეთითაა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია მარტივ კაპიტელებიანი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. კედლების გაყოლებაზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომებია.
კოდმანი
კოდმანის კოშკი დგას სოფლის თავში მდინარე ძამის მარჯვენა ტოტის მარცხენა ნაპირზე, სალი კლდის თავზე. თარიღდება XVIII ს-ით კოშკი სადარაჯოა. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი მომრგვალებული ფორმისაა, დაშლილია, დარჩენილია მისი ორი სართული. სართულშუა გადახურვა ხის იყო, ორივე სართულის კედლებში სათოფურებია. კოშკის მახლობლად არის ნასოფლარი და ეკლესიის ნანგრევები. აქედან გზა მიდის მუხილეთში. აქ ძამა უერთდება მუხილეთისა და ტყემლოვანის წყალს.
სარკის ლეგენდა
ქარელიდან თრიალეთის ქედის მიმართულებით, 8-9 კილომეტრში, მამათა მომასტერია, რომელსაც სარკის წმინდა გიორგის მონასტერს უწოდებენ. სარკის წმ. გიორგის ეკლესიის მადლმოსილება, ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისკენ, უწყვეტ ნაკადად იზიდავს მორწმუნეებს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლო კი ბუნების დიდებულებითა და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ – მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის. ლეგენდა: სოფელ საღოლაშენთან არის "დედოფლის მინდორი" და "დასასრულად" წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს არ უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს,რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, საყვირის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა.ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ "დასარყულ" მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა. გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყეს წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ. ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება, მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და განახლდა. სარკის წმ. გიორგის ეკლესია მოეწყო და დღესაც მოქმედებს მამათა მონასტერი. გასულ საუკუნეებში საქართველოში ყოფილა ხშირი შემთხვევები, როდესაც იტაცებდნენ ლამაზ ქალებს და მოსაწონ ახალგაზრდა ვაჟკაცებს, ზოგჯერ ბავშვებსაც.
ყინწვისი
სოფ. ყინწვისს გავცდებით თუ არა, თვალიდან არ გვცილდება მთის კალთებში ჩამჯდარი ეკლესიის გუმბათი, რომელიც მკაფიო ფერითაა და ქართული აგურის მოვარდისფერო ტონით მწვანე მიდამოსთან მოხდენილადაა შერწყმული. მონასტერი ტყით არის დაფარული, ადრე ძბნელი მისასვლელი იყო. აგებულია დავაკებზე, აქვს ლამაზი ეზო, რომელიც შემოზღუდული ყოფილა მაღალი გალავნით. ვახუშტი ბაგრატიონი ამ ეკლესიას აღწერს თავის ნაშრომში „წმინდის ნიკოლოზისა, გუმბათიანი, დიდმშვენივრად ნაშენი მაღალს ადგილსა ზედა." ყინწვისის უნიკალური ძეგლი აგებულია XIII ს დასაწყისში წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანია ეკლესიაა, რომელიც შუაში აგურითაა ნაშენი, აქვეა მეორე, ქვიტკირით ნაგები უფრო ძველი ტაძარი, სამრეკლო, კოშკი, მცირე ეკლესიები და სხვა ნაგებობანი. გალავნის შიგნით ბერების სადგომები (სენაკები) ყოფილა. ეკლესიას სამი შესაასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. ყინწვისის მთავარი ტაძარი გარედან სადაა და უორნამემტო, მაგრამ შიგნით მოხატულია. კედლის მხატვრობა ზოგან გადასულა, რაც კი შერჩენილია, მაღალი ხელოვნებით არის შესრულებული: ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე მთელი ტანით გამოსახული აერიან გიორგი III, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი ხელაბყრობილნი. მავედრებლის პროზაში. მონასტრის დასავლეთის მხარეზე დგას ერთნავიანი ქვიტკირის ეკლესია. მისი წინა მხარე მხარე მორღვეულია და ჩაქცეული, ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას პატარა შენობა, რომელიც მოპირკეთებულია თლილი ქვით. ამბობენ, ამ ოთახიდან გვირაბი ჩადიოდა წყალზე (იქვე ჩამოდის ყინცურა), აგრეთვე-ხაროებში(ეზოში ახლაც დაცულია ქვით ამოგებული სამი ხარო), საიდანაც ჭირნახული ამოჰქონდათ. ყინწვისიდან ერთი კილომეტრის დაშორებით არის ე.წ. „გიგოს საყდარი". იგი უკვე დაშლილია, მხოლოდ შერჩენილია ბარელიეფები, რომელშიც გამოსახულია მამაკაცის ფიგურა წელზემოთ ორი მტრედით, ირემით და გველეშაპით.
სამწევრისი
სამწევრისის თავზე, მაღალ გორაზე დგას VII საუკუნის შესანიშნავი ჯვრის სახელობის ეკლესია. ეს ეკლესია პატარა და მაღალ გუმბათიანია. შიგ და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით. 1940 წლის 8 მაისს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე ამოკვეთილა X საუკუნის ასომთავრული წარწერა. იგი მოგვითხრობს სამწევრისის წინამძღვრის დომნინოსისა და გიორგი თუალაისძის მიერ არხის გაყვანაზე. „ქ. ზედა წელსა კს კონსტანტინე მეფისა ესე რუვი მე მამასახლისმან და გიორგი თუალÁს ძემან მოვიწეთ რუვი ესე ჯვარად და არავინ არს ხუაÁ.-რუვსა ამას გარნა პატიოსანი ჯუარი და გიორგი ვინ ესე ამოიკითხოს მე დომნოს მონაი ჯვარისა, იგი ქრისტემან შეიწყალენ ამენ იყა." ამ წარწერაში მოხსენიებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე, რომელიც მეფობდა X საუკუნის დასაწყისს. მეორე წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთის ფასადზე ჩადგმულ ფილზე. ეს წარწერა არის მისი განმაახლებლის მერაბ ფანასკერტელისა, შესრულებული გვიანი დამწერლობის ასომთავრულით:„მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვეს ღმერთმან ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნესღმერთმან." ეს მერაბი ზაზა ფანასკერტელის შვილია. ეკლესიის გარშემო ძველი ნამოსახლარია. ეტყობა, აქ მჭიდრო მოსახლეობა უნდა ყოფილიყო, აქ არის მამათა მონასტერი. ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს, აქვეა მათი საკმაოდ დიდი და მაგარი ციხე, რომელიც იცავდა ძამის ხეობას. ამ ციხეს უჭირავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგისტრალი. იცავდა გორის ციხესაც სამხრეთ-დასავლეთით, კეტავდა ძამის და მტკვრის ხეობებს სამწევრისთან. ციციანთა ეს ციხე აგებულია მაღალ ბორცვზე და გადასცქერს მტკვრის ხეობას. ციხე მაღალი ქვიტკირის გალავნით ყოფილა შემოზღუდული. აქვს ერთი მისასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთით. ეს ციხე ნაწილობრივ დაშლილი იყო , დღეს დღეობით აღდგენილია. და დედათა მონასტერია, მისი წინამძღვარია სქემონაზონი ალექსანდრე და სხვები. ციხეს თავისი ეკლესიაც ჰქონია. ციხის შუა მოედანზე დიდი ხაროა, რომელიც თლილი ქვით არის ამოშენებული. ქვევრებიც ბევრია ჩაფლული, ციხის კედლებში და კოშკებში დატანებულია სათოფურები. აქვს ერთი შემოსასვლელი კარი აღმოსავლეთის მხრიდან. ციციშვილების ეს ციხე ტიპიურია. მისი ციხე გალავანიც კი თავისი მოცულობით მთელი ხეობის მოსახლეობას დაიტედა. იგი გამიზნული იყო ხანგრძლივი გარემოცვისათვის, რასაც მოწმობენ საცხოვრებე
|